–რა აზრი აქვს ასეთ ყოფნას, სჯობს წავიდე.
–აზრი ყოველთვის აქვს, როდესაც სურვილია.
–შენ ფიქრობ მე არ მინდა?
–ჰო.
–მერე?
–რა მერე
–ესე ადვილად მიშვებ?
–შენ იმიტომ მიდიხარ,რომ აზრი არ აქვს, თუ იმიტომ რომ დარჩენა გთხოვო?
–იმიტომ,რომ აზრი არ აქვს.
–არ ვიცი ესეთ დროს რას ამბობენ. მე ვერ ვამბობ ხოლმე.თუ აზრი არ აქვს, უნდა წახვიდე.
–არ გაქვს სათქმელი ალბათ. ან გიხარია.
–ალბათ.
–გიხარია?
სისულელეა, რეებს ვეკითხები. ხომ ვიცი, რომ წასვლა მინდა მართლა. აღარ მიყვარს, აღარ მიზიდავს და საერთოდ როდესაც ვხვდები, მგონია, რომ სხვაგან ვარ. ზოგჯერ მენატრება. ზოგჯერ მეცოდება. ზოგჯერ მაღიზიანებს. ზოგჯერ აღფრთოვანებული ვარ მისით, მაგრამ არც ერთხელ არ მიგრძვნია, რომ მიყვარს.
ეხლაც, ნერვებს მიშლის ჩემი ქალური დებილობები. დავუჩემე მიშვებმეთქი? რომ მითხრას დარჩიო,რა მინდა დარჩენა? არა. ისევ ძალით ვიტყუებ თავს.თან არავინ არ მაძალებს.
არადა როგორ ავხსნა ხანდახან მონატრება. დაიღალა ალბათ, მინდა წავალ,მინდა მოვალ. ჩემმა ცანცარმაც დაღალა და მიშვებს. აბა, რომელი მამაკაცი გამიგებს. ვეუბნები, მე სულ შენთან ვერ ვიქნები, მღლი და უნდა განვიტვირთოთქო. არადა ხომ ვიცი, მარტო მასზე არ მჭირს ესე. ყველა მამაკაცი მღლის, მბეზრდება. თითქოს მომწონს, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სისულელეა. თავს ვანებებ, ან მეგობრულში გადამყავს. ამასთან ვერ გადამყავს მეგობრულში.
არადა ნერვები მეშლება. საერთოდ არ ემჩნევა. ისე უცებ იცის დათანხმება. რა უბედურებაა. სიტყვას არ გეტყვის.
–თქვი რამე.
–არ ვარ მოლაპარაკე მე, თუ გინდა დარჩი თუ არადა წადი. მეთამაშები და არ ვარ მე კარგი მოთამაშე. აქამდე მოგატყუებდი ესე, რომ ყოფილიყო. დაპირებებით შეგაბამდი. ლამაზ სახლს დაგიხატავდი, ლამაზ მომავალს. შენ რომ გინდა ისეთ ქვეყანაში ვიჩალიჩებდი წასვლას. მოლაპარაკე რომ ვიყო,ამ ოთახიდან არ გაგიყვანდი ისე გაგაფანატებინებდი ჩემთვის, მაგრამ მკიდია ეგ მითები მე.
თუ გინდა დარჩი და ჭამე ეს ძეხვი. დაელოდე უთქმელად გაფრენას, იცხოვრე დღევანდელობით.პროსტა შეეცადე, რომ კარგად იყო.
საიდან მოხვედით ტო. ვინ გითხრათ, რომ აუცილებლად ხიზილალა უნდა ჭამოთ და ესე უფრო მაგრა გეყვარება. რა ჩემს ფეხებად მინდა,რომ დარჩე. სულ ამ როჟით არ მინდა გიყურო. ადრე რატო გთხოვდი დარჩენას იცი? თვალებზე გეტყობოდა, რომ კიდევ გჯეროდა ჩემი. ეხლა გკიდია. შენ არ მითხარი გმირობა არ მინდაო. ხოდა არ ვარ მე სირი. ესე ჯობს.აქამდე ვერ გამშიფრე, დაიკიდე. ვიცი გეგონა გაქაჩავდი, მაგრამ შენ რა გიტხრა, მე თითონ მივდივარ შენსავით ფინალამდე.
ეხლა იძახი არ მინდა ოჯახიო, თორემ ბოლოს ყველა თხოვდებით, სამზარეულოებს, საძინებლებს არჩევთ. შვილებს აჩენთ და არც კი გახსენდებათ ერთ დროს, რომ ტიპობდით. ეგრე სჯობს რა. ეგ ეტაპია ეგეთი, შედარებით გამოსულები აფრენთ ხოლმე, ჩვენნაერებს გადაეყრებით, ჯერ კარგად მიდიხართ, მაგრამ მერე ყივის ყოფა და ისევ თბილ კერებს, გაუთოებულ პერანგებს, დილის საუზმეს, მეზობლების კეთილგანწყობას, ბრენდებს და სერიალებს უბრუნდებით. პედანტ ქმრებს ხვდებით და ჩვენს სადმე მაღაზიაში თუ წაგვაწყდებით-ხოლმე.მაშინ გახსენდებათ, რომ ვარსებობდით.
ეხლაც ეგრეა რა, მორჩა შენი თავნებობა, ამოწურე უკვე. ეხლა დაბრუნდები და მშვიდად იცხოვრებ.
–მორჩი?
–ჰო, რა იყო გამომრჩა რამე?
–არაფერი, ტქსი მელოდება, ჩამატანინე ჩანთა.
–ჰო,ჩადი, მოვდივარ.