ჩაგანაცვლეთ

გოგოებს გვჩვევია ხოლმე ზღვარგადასული ოცნება. ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყებისას ოცნების კოშკებს ვაგებთ და მერე ხან თავზე გვენგრევა ეს კოშკი, ხან კიდევ მძიმე საგანს მიშვალებებთ, რომ არ წაიქცეს,რადგან ვალდეულებებს ვიდებთ ძალიან  ბევრს.

არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა ერთი მეორეს მიყოლებით და ბოლო დროს იმდენად შევეჩვიე ამას,რომ აღარც ვდარდობდი. მეგონა, ესეც უნდა მომხდარიყო.

ერთ დღესაც დავჯექი და ყველა ჩემს შეყვარებულს თუ თაყვანისმცემელს swot ანალიზი გავუკეთე. ჩამოვწერე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სიძლიერე და სისუსტეები . ჩამოვაყალიბე რა მინდოდა მათგან და ურთიერთობისგან და  აღმოვაჩინე, რომ არც ერთი არ მჭირდებოდა. ამიტომაც ყველას ერთად დავემშვიდობე და მარტივად, რომ ვთქვა გამიმართლა,ჩავანაცვლე ისინი.

ეხლა რა ხდება? რაღაც ხდება, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ.

პ.ს. swot ანალიზი–––უსაქმური კაცი ყვერებში მახათს იყრიდაო :))))))))))))))

ჩემი აღსარება

მე მიყვარს თავისუფლება, თუმცა სავსე ვარ კომპლექსებით. რამდენი ხანია ამ კომპლექსებს ვებრძვი. ახლობლები მეუბნებიან, რთული ხასიათი გაქვს და გითმობთო. ალბათ უჭირთ ამიტანონ, უბრალოდ ნათესავური ვალდებულებაა ჩემი ატანა, იქნებ მართლა ვუყვარვართ, რას გაიგებ.

მე არ მიყვარს ვალდებულებები, ხშირად გავურბივარ მათ,თუმცა ეს გაქცევა სხვადასხვანაირია. ხან პასუხისმგებლიანი, ხანაც ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ და მივდივარ. მე უძირო ქვევრი არ ვარ, წვეთ-წვეთ ვივსები და ასე სავსე მივდივარ-ხოლმე.

მე დამცინიან, ალბათ სვეტები. თუმცა, უცოდველი არც მე ვარ, მეც ხშირად დავცინი, ვაქილიკებ და გულის სიღრმეში ვხვდები, რომ არაფრით მათგან არ განვსხვავდები. უცნაურია ცხოვრება და მე ახალს არაფერს არ ვამბობ ეხლა. ადამიანები ვისთვისაც ბევრჯერ დამიციანიაჩემზე წარმატებულები გახდნენ, თუმცა მეც იმათზე წარმატებული ვარ ვინმც მე მაქილიკებდა. რა იფიქრეთ, ბოღმიანი ვარ? კარგით რა, გულის სიღრმეში აღიარეთ, ყველა თქვენგანს დაგმართიათ იგივე.

მე მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მერე რა თუკი მათ რაღაცეებს ვერ ვპატიობ და ამათზე ათასჯერ მეტ რამეს კიდეც ვპატიობ. მერე რა, ზოგჯერ ამ სახლიდან გაქცევა თუ მინდა, მე ხომ ვიცი, რომ ამაზე მშვიდ ადგილს ვერ ვიპოვი და ისევ აქ დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ თქვენც გდომებიათ გაქცევა. უბრალოდ ამის თქმის უფლებას საკუთარ თავებს არ აძლევთ, ან აძლევთ კიდეც.

ხო, ვიცი, დედაჩემი, ორი შვილის სიკვდილ გამოცდილი, ჩემზე მეტად თავშეკავებულია. უფრო მიმტევებელი და დამთმობია. ესაა ზუსტად, მე არ ვჩემობ ვიყო სულგრძელი. მე ტკივილისგან ზოგჯერ ვხროტინებ-კიდეც, ოღონდ მარტო. მე ვიცი, დედაჩემი ჩემზე ნაღდია, უბრალოდ იგი უფრო მეტია ვიდრე სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული, კეთილშობილება, რწმენა,მეგობრობა, შიში, მორიდება, პატიება, მეტია ვიდრე დედა . მე ეს ყველაფერი ვიცი და მაინც არ შემიძლია სიტყვაუხვად ვაფრქვიო და გამოვაჟღავნო. ალბათ ხვდება, რომ ვიცი.

იცით რამდენჯერ მიფიქრია, რომ შემთხვევით დავიბადე. არ მინდა ზოგჯერ თქვენს შორის ვიყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ რახან მაინც მოვხვდი ამ გაუგებრობაში და ვცხოვრობ დედამიწაზე, უფლება არ მაქვს ვიყო სუსტი, საჯაროდ.  გულის სღრმეში თქვენც და მეც ისეთი დაუცველები და სუსტები ვართ. სანამ შეგვიძლია ვაწვებით და სიმტკიცეს ვინაჩუნებთ. თუმცა ყველამ იცის, მათ შორის თქვენც, რომ ადამიანები ადვილი საცდუნებლები ვართ.

ყველანი ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ჭკუას ვარიგებთ. თითის ქნევით ვეუბნებით, რომ არავის აქვს ჩვენს საქმეში ჩარევის უფლება. თუმცა ჩვენ იგივეს ვაკეთებთ. კარგად ვერევით სხვის ცხოვრებაში, თვალს არ ვახამხამებთ და თუ დაგვჭირდა დაგაწრმუნებთ, რომ ჩვენ არამკითხეები კი არ ვართ, პირიქით, ჩვენი ჩარევა აუცილებელი იყო.

განსაკუთრებით ქალები, მამაკცაბევს ვამტყუნებთ. ვემუქრებით, რომ ამდენი დალევისაგან რაღაც დაემართებათ. ვქადაგებთ, რომ სასმელი გაჭირვებას ვერ დაგვავიწყებს. თუმცა ვინ იცის, ჩვენც რამდენჯერ რამდენჯერ გამომთვრალვართ უგონოდ, შეუფერებლად და ალბათ არ გვეუბნებიან და გვიჩხუბია კიდეც J J

როგორ დაუზარებლად ვკიცხავთ სხვებს ორგულობისათვის. ვამბობთ, რომ ღალატი სულმდაბლობაა. არადა, ჩვენ რა კარგად ვაკეთებთ იგივეს. გვაქვს პარალელური ურთიერთობები, პარალელური სიმპატიები, მერე ამდენ პარალელებს მიჩვეულები ვრჩებით სრულიად მარტო და ქალიშვილები J J J

მე მიყვარს თავისუფლება, ამიტომაცაა,  ალბათ ყოველ სექტემბერს  რომ უმუშევარი ვარ. ზაფხული ჩემია და არ შემიძლია იგი სადმე ცივ ოფისში გავატარო. მე ვიცი, არასოდეს მიმატოვებს უფალი, შეიძლება გამიბრაზდეს, გამკიცხოს მაგრამ ვიცი მაინც გამომიწვდის დახმარების ხელს. არც იმდენად პატივმოყვარე ვარ ამ დახმარებებზე უარი ვთქვა. ეხლაც იმედი მაქვს, რომ უფალი ჩემთან არის. თუმცა, ვიცი, რომ არაფერით არ დამიმსახურებია იგი.

რამდენჯერ მიფიქრია, შევძლებდი თუ არა მონაზვნობას, მერე ისევ მიფიქრია, რომ ამა ქვეყნის საცდუნებლები უფრო მეტია ვიდრე ჩემი სურვილი, თუმცა ვინ იცის…

მე უცოდველი არ ვარ, ბევრჯერ მიღალატია, ბევრჯერ დამიცინია, ბევრჯერ მიმიტოვებია. თუმცა სუსტიც არ ვარ და ვინ იცის ამ სიძლიერის მოსაპოვებლად რამდენი მივარჯიშია ჩემს ცხოვრებაზე, ლაივში. ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ვენებში სისხლის მაგივრად ყინული შემეშვა,ასე გაცილებით მარტივია  ყველაფერი, გაცილებით მარტივი.

აი, ვამბობ მიყვარს თავისუფლებათქო, თუმცა მე თითონაც არ ვიცი რას ნიშნავს იგი. მაინც ვწერ ანგარიშებს საზოგადოებისთვის და გულის სიღმრეში ალბათ მათ აზრსაც ვითვალისწინებ. იბიომად J

ჩემი პირველი სიყვარული…წარსულს თავანი ჩავაბარე

ხშირად გვსმენია ფრაზები ” მე სხვანაირი ვარ”, “ის განსაკუთრებულია” , “რაღაც გამორჩეულია ყველასგან” და ა.შ. ადამიანებს გვინდა განსხვავებულები ვიყოთ, ამისათვის ათას სისულელესაც კი ჩავდივართ და ეს გვსიამოვნებს. ამაში ცუდი არაფერია. მიყვარს მასისგან გამორჩეული ტიპები.

ერთ დროს მეც ვცდილობდი და ვახერხებდი ვყოფილიყავი ადვილად შესამჩნევი. მერე ეს ჩვევაში გადამივიდა.

თუმცა არსებობს რაღაცეები, რაც თითქოს ბუნების კანონია და თითქმის ყველა ადამიანის ისტორიაშია. ერთ-ერთი ასეთი, პირველი სიყვარულია.

განსაკუთრებით გოგონებს გვჭირს ხოლმე გაგიჟებები, პირველ სიყვარულზე. წლების მანძილზე ვზივართ და დაქალების გარემოცვაში, არყის თანხლებით ვიხსენებთ ამ ისტორიას.

მე მაქვს ჩემებური ვერსია, თუ რატომ არის პირველი სიყვარული ასე განსაკუთრებით მოსაგონარი.

  •  იმიტომ, რომ პირველია

განსაკუთრებით განვიცდით ყველაფერს, უფრო გამოუცდელები და დაბნეულები ვართ. პირველი კოცნაა. პირველად გვენატრება ასე. პირველად გვინდა სამყარო დატოვონ ადამიანებმა. პირველად გვგონია, რომ დედამიწის ღერძი ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. პირველად ვტირით ესე. პირვალად ვჩხუბობთ, გემრიელად.პირველად ვრიგდებით ჩხუბის შემდეგ. პირველად ვგიჯდებით…მერე ყველაფერი გვერევა, წამები წყვეტენ ფინალს და ხშირ შემთხვევაში წყვილები იშლებიან.

მე მაინც მგონია, რომ პირველი სიყვარულის შემთხვევაში უმეტეს წილად ოჯახები არ იქმნება, ისე იშლებიან წყვილები. ამიტომაც ვიხსენებთ მერე ამ ყველაფერს, რომანტიზმით, სინანულით და ნოსტალგიით.

არავინ იცის ოჯახები, რომ შეექმნათ, იქნებოდა თუ არა ეს ოჯახი მყარი.

არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მეც მიყვარდა. იცით როგორ იყო? სამყარო გაიყო. ყველა და ყველაფერი ცალკე იდგა.ის ცალკე. მე უმართავი ვიყავი. შემეძლო მის ყველა სურვილს დავმორჩილებოდი. ვოცნებობდი მუდმივად მასზე მეზრუნა. არ ვკონტაქტობდი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან. მისით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. თუმცა დღეს მგონია, მას რომ ცოლად გავყოლოდი აუცილებლად დავშორდებოდით ერთმანეთს, თან ძალიან მალე.

ჩვენ მანამდე დავიშალეთ, დავშორდით. როდესაც შემიყვარდა 18 წლის ვიყავი, როდესაც დავშორდი, მგონი 20-ის.  ეხლა რომ მკითხოთ დაშორების მიზეზი, გეტყვით, რომ არ ვიცი. არ მახსოვს. უფრო სწორედ  მიზეზი არც არსებობს.

მახსოვს  მისი შენარჩუნებისთვის ბევრი ვიბრძოლე. გამიჭირდა უმისობა. იცით როგორი ტკივილი იყო? თითქოს რაღაც მძიმე საგანს მირტყამდნენ გულზე. ბნელი იყო სამყარო.მახსოვს, ძალიან მტკიოდა. ვერ შევძელი, ურთიერთობა ვერ გადარჩა.

მე არასოდეს მინანია, არც ერთი ჩემი ნაბიჯი. არ მრცხვენია იმის, რომ მისთვის ვიბრძოლე. არ მიტყდება, რომ დაშორების მერე კიდევ მიყვარდა.

მაშინ, ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეძლო ამ ტკივილის გაყუჩება.მეგობრებმაც კი, რომლებმაც მიმიღეს და მაპატიეს, რომ მათ გარეშე ორი წელი ვიცხოვრე, მაგრამ ეს  შვება არ იყო.

მაშინ მივხვდი და დავაფასე, რომ ყველაზე მაგარი რამე ამ სამყაროში, დროა.

ეხლა, როდესაც  მას ვხვდები და ვხედავ,  ჩავფიქრდები, მინდა გავიხსენო რომ მიყვარდა, თუმცა გრძნობას ვერ ვიღდგენ. რაღაცნაირად  გავვუცხოვდი.იცით  რამდენჯერ დაჟინებულად მიყურებია? მაინტერესებდა მართლა ის იყო ვისთვისაც ბევრი ვიბრძოლე თუ არათქო. ყველაფერი რაღაცნაირად, თავისით დაეწყო. თუმცა, მიხარია რომ მიყვარდა.

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდა. მთავარია, რომ ისტორია შედგა. დრომ  იმდენი მოახერხა ამ ისტორიაში დამნაშავე არც ერთი მხარე არ დატოვა. ყოველ შემთხვევაში ისტორიის ჩემეულ ვერსიაში ასეა,დამნაშავე არ არსებობს.ჩემს  ისტორიასაც ყავდა ცუდი და კარგი პერსონაჟები. თუმცა ისინი ამ დროს უკან გაყვნენ და ალბათ იქედან აღაც დარჩა არაფერი.

ეხლა, როდესაც მორიგი ისტორიის გმირი ვარ-ხოლმე, მოთმინებით ველოდები და ვემორჩილები დროს და ზოგჯერ ძალიან მაკვირვებს, როგორ დინჯად და აუღელვებლად ალაგებს ყველაფერს.

მაშინ, დროსაც მუდმივად ვუსმევდი კითხვას, რომელზე პასუხიც არ მაინტერესებდა, უფრო სწორედ პასუხის გაცემა მაშინებდა. ეს იყო კითხვა: “მართლა ვუყვარდი თუ არა მას”. თუმცა ეხლა ეს კითხვაც წარსულია და ჩემი თავანია, რომელიც თავის დროზე ჩავაბარე ისტორიას, რომელშიც ვფიქრობ არ ჩავჭრილვარ.

წინა ცხოვრებიდან :)

გემართებათ-ხოლმე?

მე კი ხშირად მემართება და მერე ვფიქრობ, როგორ განვთავისუფლდე? თუმცა მე მხოლოდ წამიერად ვფიქრობ, მერე ყველაფერი მაინც ისე ხდება, რომ აღმოვაჩენ თურმე წამითაც არ მიფიქრია.

ხშირად უმიზეზოდ ვდგები ცუდ ხასიათხე, აი, განწყობა მეცვლება და ვგრძნობ, რომ რაღაც/ვიღაც კონკრეტული მაკლია. თითქოს იყო და აღარ არის. ვგრძნობ, რომ ვიღაც მენატრება. ძალიან მენატრება, ისე, რომ იმ წუთას ვინც ჩემს გვერდითაა ყველას ვეცლები და რამოდენიმე წუთით მარტო გავდივარ.

კიდევ ვერ გადმოვცემ ზუსტად ეს რა გრძნობაა, არადა არავინ კონკრეტული, ნაცნობი არ მენატრება იმ წუთას.  ერთმა მითხრა წინა ცხოვრების ამბავიაო:) ალბათ წინა ცხოვრებიდან მეორე ნახევარი მაკლია. იმედია ვიპოვი 🙂

ღამე, დაგითვლიათ 1-დან 10 000-მდე?

რა მაგარია ღამე 🙂

ღამე, გენატრება ყველაზე მეტად.

ღამე, ყველაზე მძაფრად განიცდი.

რამე, გიდარაჯებს და ყველა შენს ცუდ საქციელზე პასუხს გთხოვს. არ გქონიათ შემთხვევა? იცით, რომ არასწორად მოიქეცით, ნანობთ, მაგრამ როდესაც ღამე დგება ეს საქციელი მოსვენებას არ გაძლევს. არ ვიცი რისი ბრალია. ალბათ სიბნელის. სიბნელეში ხომ უფრო მეტად გვეშინია.

მერე ვითვლი , ვფიქრობ, რომ თუ 10 000-მდე დავითვლი დამეძინება და სურვილი ამისრულდება. ვინ იცის მერამდენედ, მერევა თვლა და ისევ თავიდან ვიწყებ. ამასობაში მეძინება და სულ მავიწყდება დილით, რომ წუხელ ჩემი საქციელი არ მაძინებდა და სინდისი მქენჯნიდა. სწორედ ამიტომ ვუშვებ ხელმეორედ იგივე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მიწყობს ღამე სასამართლოს.

ლამაზი ღამეებიც ხომ არის? აი, ისეთი, გათენება რომ არ გინდა და ლოცულობ ნეტავ დრო ნელა გავიდოდეს. მე მქონდა ერთი ასეთი ღამე, მთელი ავლაბარი ფეხით მოვიარეთ. მაშინ შევიგრძენი ძველი თბილისის ხიბლი. დილით მატარებლის მემანქანეს ძალიან ვთხოვეთ და საჭესთან დაგვსვა. ძალიან მაგარი იყო.

კიდევ მინდა ესეთი ლამაზი ღამეები 🙂

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში :)

არ დავცინი დედას გეფიცებით, უბრალოდ გული მტკივა და იმიტომაც ვწერ ამაზე. ამაზე რა, ჩემს ქალაქზე ვწერ.

მზიანი დღეები მართლაც სანატრელი და საყვარელი წვიამიანი ზამთრის შემდეგ, მითუმეტეს თუ ისეთ ქალაქში ცხოვრობ სადაც ზღვაა. ეს ნამდვილი ბედნიერებაა, მაგრამ რად გინდათ?

ამას სჯობს სახლში საბავშვო აუზები ვიყიდოთ და იქ ვიჭყუმპალავოთ. ჩვენს სანაპირომდე რომ მიცვიდეთ ცხრა მთა და ცხრა ზღვა, ტყე და ღრე უნდა გადაიაროთ. უშუალოდ ქვიშიან სანაპიროზე მისვლამდე უნდა გაჩერდეთ, დაფიქრდეთ, როგორ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ისე, რომ ან “ფუნაში” არ ჩაყოთ ფეხი, ან მაზუტით არ დაგესვაროთ ტერფები და კიდევ უარესი არ შეგერჭოთ ” შპრიცი”.

ალბათ მკითხავთ, რატომ არავინ ზრუნავს ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაზეო. ეხლავე მოგახსენებთ : 7 წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტის შესრულების გამო, მოვალეობის მოხდის მიზნით, წალეკავს ბავშვებს ვითომ მიალაგებენ, ნაგავს ერთ ადგილას მოუყრიან თავს, მერე კოცონს დაანთებენ, იქეიფებენ და ორ იმდენ ნაგანს კიდევ დაამატებენ, ისედაც გაუბედურებულ ზღვის სანაპიროს. ნაგვის გამტანი კი არავინაა და ქარი ხელმეორედ მომიფანტავს . როგორც ჩემი მეზობელი იტყობა “ააშხა ქრისტინეს ტვინში” . დასუფთავების სამსახური და ჯანდაბა მაგათ.

ზოგადად კულტურის დეფიცი რომ არსებობს ვიცი, მაგრამ ასეთი ჭარბი რაოდენობით? როდესაც ზღვაზე მიხვალთ, ადვილად გამოიცნობთ რა მიირთვეს იქ მყოფებმა, ყველაფერი იქვე ყრია და მწერები ესევა. წამა და გეხეთქვა თქვენ (ვინც არ ალაგებს) არადა ორი ფეხის ნაბიჯზეა სანაგვე ურნა. ეზარებათ ტრაკის აწევა, არადა სვეცკობენ. უი, ჭირი მაგათ.

ეხლა უსაფრთხოება.

წინა წლებში ტელეფონს თუ მომპარავდნენ ვიბრუნებდი მაინც და მერე აღარ კიდებდნენ ხელს. ეხლა უარეს მეთოდს მიაგნენ. ზღვაზე ყველაზე მოშორებით თუ დაწექი, აი ხალხისაგან სულ, სულ შორს და ლიფის მოხსნას თუ გადაწყვეტთ, ერთიანი ნარუჯის მისაღებად, კარგად მიმოიხედეთ, აუცილებლად გადაგიღებთ ვიღაც სურათებს.თქვენი ლამაზი სხეული კი არ მოსწონს, შანტაჟს გიპირებენ ბატონო შან-ტაჟს. ის კი არ იციან, რომ დრო შეიცვალა და მაგ სურათებს ერთ ადგილას გათხრიან თუ მოინდომეს.

მართლა, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი ჩემს პატარა ქალაქში ხდება, მაგრამ ხდება და ჰა. რა ვქნა, არ ვთქვა?

ზოგჯერ იცით რა მგონია? ქალაქში კი არა ჯუნგლებში ვცხოვრობ და ჩვენს ქალაქ “საჯუნგლეთში” შემოსასვლელად პაროლია საჭირო, დაახლოვებით ასეთი, პირზე ხელი რამოდენიმეჯერ რომ მიირტყა და ტურასავით კივილი რომ საიწყო, წყვეტილი ხმა გამოვა საბოლოო ჯამში. ჯუნგლებისათვის შესაშური პაროლია, რომელიც ამცნობს, რომ ქალქში კიდევ ერთი მათნაირი შემოდის.

ვისაც გეწყინებათ წადით დაზღვის სანაპირო დაალაგეთ გულს გადააყოლებთ და საქმესაც გააკეთებთ. გაბრაზებულ გულზე უფრო მონდომებით კეთდება საქმე.

ჩემი პირველი წარუმატებელი პაემანი

სულ დავივიწყე ჩემო ბლოგი. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.

როდესაც გადავწყვეტ, რომ პოსტი უნდა დავწერო, მაშინვე საღამოსათვის გადავდებ , საღამოს კიდევ მავიწყდება დილით რა მინდოდა და ასე შემდეგ.

ალბათ ამ ბოლო პერიოდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,  როდესაც კარგად ვარ ვერაფერსაც ვერ ვწერ. ეს ყოველთვის ასე იყო, ვწერ მაშინ როდესაც ძალიან მაწუხებს.

ამ ბოლო დროს კიდევ ღვთის წყალობით ბევრი კარგი რამ დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ერთ-ერთი კარგი ისაა, რომ წამოვედი სამსახურიდან, რადგან მიმაჩნია პატარა ადამიანები ტვინს გვიჩლუნგებენ, პრინციპებზე ხელს გვაღებინებენ, თავმოყვარეობას გვილახავენ და ცდილობენ მათ დავემსგავსოთ.

ხო, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ არც კარგზე მიყვარს წერა, უფრო სწორად მაშინ, როდესაც მიხარია, ემოციას ვერ გადმოვცემ.

მეტი რა მოგიყვეთ?  კარგზე ვერ ვწერ, ცუდიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ რაღაცის წერა მინდოდა და დავწერე. აბა ჩემს წარუმატებელ პაემანზე საყვარელ ფუმფულა ბიჭთან, ხომ არ მოგიყვებით? თუმცა რატომაც არა, მოგიყვებით.

ჩემს მეგობარს გავყევი, თაყვანისმცემელმა დაპატიჟა, მერე იმის მეგობარს მე მოვეწონე, ნუ როგორც ხდება ხოლმე და მესამე დღეს შევთანხმდით პაემანზე.

გაგიკვირდებათ ალბათ, 24 წლის ვარ და როგორც ასეთი ტიპიური პაემანი არასოდეს მქონია, ყოველთვის მეგობრების, საერთო ნაცნობებში ვუახლოვდებოდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და მერე ან ვითარდებოდა მოვლენები, ან არა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და შევხვდით ერთმანეთს. აი, მერე რა მოხდა ნუღარ მკითხავთ. მაინც არ ვიცი. არ ვიცი რა, ვიჯექით ვისაუბრეთ, ეს ჩემი კავალერი ზედმეტად თბილი აღმოჩნნდა პირველი შეხვედრისთვის და როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე , რომ პირველი შეხვედრისთვის ასეთი სითამამე არ ვარგა. ნუ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. ასეთ უაზრო ვითარებაში 2 საათს გავსტანე. როგორც იქნა წამოვედი და გზაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ შევხვდები მამაკაცს, რომელსაც უცხო სასტავში გავიცნობ. დალოცა ღმერთმა ჩემი სამეგობრო და საერთო ნაცნობები, რომლებსაც კიდევ ბევრი მეგობრები ყავთ და ა.შ.

 

ძველი ტუმბო, საყვარელი ნივთები და სახლი

გადავხედე ჩემს ოთახში, საწოლთან მდგარ ძველებურ ტუმბოს და გამეღიმა. ალბათ ვტიპობ. ზოგადად ჩემს სახლში ძველებური ავეჯი დგას, აი ისეთი ძველ დიდებას,  და მსუყედ ცხოვრების ისტორიას,რომ ახსენებს პატრონს . მერე ეს ავეჯი წლებთან ერთად ხუნდება ჩვენი შპალერის არ იყოს სიძველის სუნი დაკრავს. მერე ირევა პატივისცემა ძველი ავეჯისადმი და ნოსტალგია მსუყედ ცხოვრებისა. თუმცა მე მე არ ვიქნებოდი ყველაფერი პოზიტივი არ ჩავდო და ჩემი ძველი ავეჯის გარემოცვაში არ დავლიო ჩემი საყვარელი მარტინი, ვიკითხო ჟურნალები და ვიცეკვო დაღლამდე.მარტოობამ ბევრი რამ იცის.

ხო, იმას ვამბობდი, რომ გამეღიმა ჩემს ძველ ტუმბოზე მოთავსებულ ნივთებს, რომ გადავალე თვალი.  ჟურნალ „სითი“,ქენდის ბუშნელის „სექსი დიდ ქალაქში“,  „ქერის დღიურები“, „ ბინესი მაღალ ქუსლებე“, „მეხუთე ავენიუ“. ლეპტოპი, ყავის ჭიქა, რომელშიც ჯერ კიდევ გუშჲნ მოხარშული ყავის ნარჩენი ასხია და ჩემი სუნამო, განუმეორებელი შავი ვერსაჩე.

ვტიპობთქო დავწერე, ხო, ალბათ მართლაც ეგრეა. ყველა ზევით ჩამოთვლილი ნივთი მახალისებს.

მერე რა მოხდა თუ ძველი ავეჯით მორთულ ოთახში წავიკითხავ სითის ნომერს, სადაც ავტორი აღფრთოვანებული ყვება, როგორ სახლს აშენებენ ოპერასთან. ყვება ამ ძალიან მაგარი პროექტის შესახებ და მეცინება. რადგან ზუსტას ასეთივე მოდის ბოლო კივილი იყო ჩემი სახლი 30 წლის წინ და ალბათ ასეთივე იქნება ჩემი ახალი სახლი, 30 წლის შემდეგ. შეუძლებელი არაფერია.

ფეისბუქზე არის თამაში, სიმების ოჯახზე. ყიდულობ მიწას, აშენებ სახლს, მუშაობ, რომ ფული შეაგროვო საჭირო ნივთებისათვის. მერე უფრო ბევრს მუშაობ და უფრო თანამედროვე ნივთებს, ავეჯს ყიდულობ. დაახლოვებით ერთი წელია ვთამაშობ და უკვე ორი სახლი მაქვს. მთის და ზღვის. საკუთარი პლაჟიც მოვიწყვე,სამსახურიც მაქვს. მოკლედ ყველაფერი ისევეა როგორც ცხოვრებაში, გადიხარ ლეველებს და გეძლევა დამატებითი უფლებები.  ამ თამაშჲს შემდეგ მივხვდი, რომ ალიან მაგარია გქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც შენი გემოვნებით მოაწყობ. უკვე ოცბენად მექცა, სახლი, რომელიც ტყეში, მდინარის პირას დგას. დიდი მინებიანი კედლებით, ბუხრით და კომფორტით.

არ იფიქროთ ჩემი სახლი არ მიყვარს, მე ჩემი სახლიც მიყვარს, დიდი და ძველი, უამრავი ზედმეტი ნივთით და დიდი ისტორიით. სახლი სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს და მაინც შეგიძლია განმარტოვდე.   სახლი, რომელიც გაძლევს საშუალებას მოიყვანო შენი მეგობრები და იმხიარულოთ დილამდე მარტოებმა. სახლი, რომელსაც სამი შესასვლელი აქვს და ბავშობაში პაემნებზეც ვიპარებოდი, ისე რომ არავინ მამჩნევდა. სახლი, რომელიც არ მიყვარს მხოლოდ მაშჲნ, როდესაც დასალაგებელია. სახლი სადაც შეგიძლია ჩუმად მოწიო სიგარეტი და ეს ვერავინ გაიგოს. სახლი, სადაც მე ყველაზე ბედნიერი ვარ. სახლი სადაც ძალიან თავისუფალი ვარ. ჩემი, ჩემი,ჩემი სახლი.